მოვზილოთ საფუვრიანი ცომი:
ორი ჭიქა წყალი შევათბოთ 30 გრადუსამდე,გავხსნათ შიგ 30-50 გრამი საფუარი, დავამატოთ 3-4 ცალი კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავადნოთ 4 ს/კ. ცხიმი (კარაქი ან მარგარინი) და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3-4 საათი. გაფუების პროცესში ცომი 2-3-ჯერ ჩავზილოთ.
სანამ ცომი კარგად აფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი.
ყველი დავფხვნათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეიძლება ცოტა ხაჭოც შევურიოთ, 1-2 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ და დავამატოთ. თუ უმარილოა, გემოვნებით დავამარილოთ.
მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი ცომი, გავაბრტყელოთ 2-3 სმ-ის სისქეზე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა შეწითლდება, გამოვიღოთ და ჩავახალოთ შუაგულში მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ 2-3 წუთი. გამოვიღოთ, დავადოთ კარაქის ნაჭერი და ასე ცხელ-ცხელი მივიტანოთ სუფრაზე.