ხორციანი ბლინების მადისაღმძვრელი რეცეპტი! მისი დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ მომზადებაში დრო ნამდვილად არ დაგიკარგავთ.

by ekaterine

მასალად საჭიროა (ფარშისთვის);

ხორცი 1 კგ

ხახვი 200 გრ

ერბო ან კარაქი 50 გრ

ზეთი 200 გრ

შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

 

ცომისთვის:

კვერცხი 8 ცალი

რძე ან წყალი 1 ლიტრი

ფქვილი რამდენიც დასჭირდება

 

გულსართის მომზადება:

საქონლის ან ღორის ( შერეულიც შეიძლება ) ხორცის რბილი ნაჭერი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ერბოში შეწითლებამდე, ჩავყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ცოტაოდენ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი, და დავასხათ ხორცის სატენს ისე, რომ ფარში რბილი, ნაზი გამოვიდეს. ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

 

ბლინის მომზადება:

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ რძე (წყალიც შეიძლება) და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ აქაფდება. ჩავყაროთ ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის) ისე, რომ ცომი ძალიან თხელი არაჟნის სისქის გამოვიდეს. კარგად გავაცხელოთ ტაფა და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი. როდესაც ერთი მხრიდან გამოცხვება (ზემოთა მხარე კარგად უნდა იყოს გამშრალი), ბლინი ავიღოთ, გამომცხვარი მხრიდან დავადოთ ხორცის გულსართი და დავახვიოთ ისე, როგორც ვახვევთ ტოლმას. სუფრაზე მიტანის წინ შევწვათ ზეთში.

Related Articles