ინგრედიენტები:
ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”)
რძე 500 მლ
სიმინდის სახამებელი 2,5 ს/კ
შაქარი 3 ს/კ
კვერცხის გული 1 ცალი
ვანილის ექსტრაქტი 0,10 მლ
შოკოლადის მინანქრისთვის:
შაქარი 4 ს/კ
კაკაო 2 ს/კ
რძე 2 ს/კ
კარაქი 50 გრ
მომზადება:
ვანილის პუდინგის ფხვნილის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში. მაგრამ თუკი არ გსურთ ფხვნილით მომზადებული პუდინგი, გააკეთეთ შემდეგნაირად.
გაყავით რძე დაახლოებით 2 თანაბარ ნაწილად. რძის ერთი ნაწილი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დანარჩენ რძეში გახსენით სიმინდის სახამებელი. ჩაუმატეთ აქვე შაქარი, ვანილის ესენცია, ან ვანილინი დანის წვერით და კვერცხის გული. ათქვიფეთ ხელის ზამბარით და ჩაუშვით ეს მასა ადუღებულ რძეში.
თან ურიეთ შეუჩერებლად, ადუღეთ 5 წუთი გასქელებამდე.
მომზადებულ პუდინგს გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და შედგით მაცივარში გასაცივებლად.
აიღეთ ღრმა გამოსაცხობი ფორმა, ჩააფინეთ მასში ფოლგა. დაალაგეთ მასზე მჭიდროდ ორცხობილები, შემდეგ გაანაწილეთ სქელ ფენად პუდინგი. ზემოდან კვლავ ორცხობილები მოაწყვეთ, მერე კიდევ კრემი. ბოლო ფენა ორცხობილები უნდა იყოს.
ახლა კი მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი: შაქარი და კაკაო ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაუმატეთ რძე. დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა მასა ადუღდება, დაუმატეთ კარაქი. ურიეთ კარაქის სრულად გადნობამდე. გადმოიღეთ შოკოლადის მასა ცეცხლიდან და მოასხით დესერტს.
აჯობებს, რომ ტორტი მთელი ღამით შედგათ მაცივარში. მეორე დღეს უნაზესი იქნება.