ალუბლის ჩირს ვამზადებ ძალიან მარტივად! სიგიჟემდე მიყვარს მისი ტკბილ-მჟავე გემო!

by ekaterine

ამ რეცეპტის სწავლის შემდეგ უკვე ორი წელია ალუბალს ასე ვინახავ ზამთრისთვის. მას ვერ შეედრება გაყინული ან დაკონსერვებული ალუბალი. მისი ტკბილ-მჟავე გემო სასიამოვნოს ხდის ნებისმიერ დესერტს. პირველად ნაყოფი უნდა მოადუღოთ სიროფში, შემდეგ გააშროთ ღუმელში ან სპეციალურ საშრობში.

მერწმუნეთ ნამდვილად ღირს მისი მომზადება, რადგან საოცარი დანამატია დესერტებში ან უბრალოდ მიირთვით ჩაისთან ერთად.

2,5 კგ. ალუბლისგან მიიღებთ 500 გრ. ჩირს და 1 ლიტრ წვენს.

ინგრედიენტები

ალუბალი 2,5 კგ.

შაქარი 1 კგ.

დაასხით გარჩეულ ალუბალს ცივი წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში.

გამოაცალეთ კურკა, ფენა-ფენა მოაყარეთ შაქარი და 4-5 საათი გააჩერეთ, რომ წვენი გამოსცეს.

გადაწურეთ წვენი ქვაბში და წამოადუღეთ. ჩაყარეთ ალუბალი სიროფში და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ.

მაშინვე გადაწურეთ წვენი და სტერილურ ქილაში შეინახეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბისკვიტების დასანამად.

საცხობ ფორმაზე გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი. გაშალეთ ალუბალი ერთ ფენად ისე, რომ ერთმანეთთან მჭიდროდ არ იყოს.

80 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 1,5 საათით შედგით, შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 50 გრადუსამდე და კიდევ 2,5 საათის განმავლობაში გააჩერეთ.

მზა ჩირი უნდა იყოს რბილი და არ უნდა გასდიოდეს წვენი. ასეთი სახით შეგიძლიათ მინის ქილაში ცივ ადგილას, მაგალითად, მაცივარში შეინახოთ.

Related Articles