ბავშვის კვების სწორი ორგანიზაცია ყველა ოჯახის მოვალეობაა. წესიერმა კვებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარება.
იმისათვის, რომ ბავშვი ხალისით მიუჯდეს და მადიანად შეექცეს თავის ულუფას, საჭიროა მთელი რიგი წინასწარი ღონისძიებების ჩატარება, მაგალითად:
ჭამის დრო ზუსტად უნდა იქნეს დაცული.
ჭამის შუალედებში ბავშვს არ უნდა მივცეთ ხილი და მითუმეტეს ტკბილეული.
როდესაც ბავშვი მაგიდას მიუჯდება, ის კარგ გუნებაზე უნდა იყოს. ჭამის წინა საათებში უნდა ვერიდოთ ბავშვის დასჯა-დატუქსვას, მითუმეტეს ჭამის დროს.
ზოგჯერ ბავშვის მშობლები ან სხვა უფროსები ჭამის დროს ატეხენ ხოლმე ცხარე კამათს, ზოგჯერ კინკლაობენ კიდეც. უფროსების ამ საქციელის შემყურე ბავშვს არამც თუ ეკარგება ჭამის მადა, ხასიათიც კი უფუჭდება.
გაღიზიანებულმა ბავშვმა საჭმელი კიდეც რომ ჭამოს, მაინც არ შეერგება.
პატარა ბავშვს არ შეუძლია ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ამიტომ საჭმელი წინასწარ უნდა იყოს დალაგებული სუფრაზე და მხოლოდ ამის მერე დავსვათ ბავშვი მაგადასთან.თუ ბავშვმა უყურადღებობა გამოიჩინა საჭმლისადმი, უნდა ვეცადოთ მისი ყურადღება მივაპყროთ ლამაზად გაფორმებული კერძისაკენ, შევაქოთ მისი გემო და ა.შ.
თუ ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, უმეტეს შემთხვევაში ეს მისი ავადმყოფობით კი არა, ნაკლები მოძრაობით და სუფთა ჰაერზე ნაკლებად ყოფნით შეიძლება იყოს გამოწვეული.
ასეღ შემთხვევაში ბავშვი მეტ ხანს ვამყოფოთ ჰაერზე და, რაც მთავარია, მივცეთ მოძრაობის საშუალება. ბავშვს უნდა მივცეთ დავალებები მისი ასაკისა და ძალღონის შესაბამისად. ასეთი საქმიანობა ახალისებს მას და ჭამის მადასაც მატებს.
არც ის ვარგა, რომ ჭამის დროს ბავშვს გადაჭარბებული ყურადღებით მოვექცეთ ან ძალით ვატენოთ საჭმელი. ამ შემთხვევაში ბავშვი უფრო მეტად ჭირვეულობს და ზოგჯერ უარს ამბობს ჭამაზე.
კიდევ ერთი ნაცადი საშუალება: ბავშვს ერთიანად არ უნდა გამოვუტანოთ სხვადასხვა კერძი, არც ის უნდა იცოდეს, რომ ოჯახში ბევრი დესერტი და სანოვაგეა. ამის ცოდნაც იწვევს უმადობას.
თუ ყველა მიღებული ზომის შედეგად ბავშვი მაინც უმადოდ ჭამს, უნდა გავასინჯოთ ექიმ-პედიატრს.
ბავშვი წესიერ ჭამას რომ მიეჩვიოს, ამისათვის მაგიდასთან მოხერხებულად უნდა იჯდეს,კოვზი, ფინჯანი, თეფში, დანა-ჩანგალი შედარებით პატარა ზომის უნდა ჰქონდეს. ბავშვს უძნელდება სავსე ჭიქიდან და თეფშიდან ჭამა, ამიტომ ჭურჭელი არ უნდა გადავუვსოთ.
პატარას უძნელდება ღეჭვა, ხორცი და ბოსტნეული დაკეპილი უნდა მივცეთ, შემდეგ თანდათანობით უნდა გადავიყვანოთ უფრო მაგარ საჭმელზე და მივაჩვიოთ კარგად ღეჭვას.
ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ჭამის დროს ოდნავ დახრილად იჯდეს თეფშისკენ და ვასწავლოთ, რომ კოვზი დაიჭიროს მარჯვენა ხელში, ხოლო პურის ნაჭერი – მარცხენა ხელში. პატარა ბავშვებს ჩვევად აქვთ კოვზის მუჭში ჩადება. უნდა გავუსწოროთ, ვაჩვენოთ და ვასწსვლოთ კოვზის წესიერად ხმარება.
ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ხელსაწმენდის საჭიროებისამებრ გამოყენებას, პირმოკუმულად ღეჭვას და სხვა. მას უნდა აეკრძალოს სუფრიდან ადგომა, სანამ ჭამას მთლიანად არ მოამთავრებს.
დაუშვებელია ქუჩაში, ტრანსპორტში ან სახლში თამაშის დროს ჭამა. ასეთი საქციელი თავიდანვე უნდა აიკრძალოს.