ის ვინც თვლის,რომ მაგიდასთან არ არის აუცილებელი ეტიკეტის დაცვა, ძალიან ცდება. სტუმრად ყოფნის დროსაც და სახლშიც სასიამოვნოა თავაზიანი მოქცევა.
მაგიდასთან აუცილებლად უნდა გამორთოთ ტელეფონის ზარი და გადადოთ გვერდზე. პირველობა მიაკუთვნეთ რეალურ და არა ვირტუალურ მოსაუბრეს.
თუ პირველად იმყოფებით სტუმრად რომელიმე ოჯახში ან რესტორანში, საჭიროა გამოიჩინოთ თავაზიანობა მასპინძლების მიმართ მიუხედავად მათი სტატუსისა, სქესისა და ეროვნებისა. არ დაგავიწყდეთ მისალმება და მადლობის გადახდა დიასახლისისთვის ან წვეულების ორგანიზატორისთვის.
ოფიციალურ წვეულებებზე უკეთესია წაისვათ უფერო ან წითელი ფერის ლაქი სხვადასხვა დიზაინის გარეშე. კლატჩი დაიკავეთ მარცხენა ხელში, მარჯვენა ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს მისალმებისთვის. არ სთხოვოთ მამაკაცს ჩანთის დაჭერა, თ უ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდით სთხოვეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ამის მრავალჯერ გამეორება.
დაელოდეთ სანამ ოფიციანტი ყველას არ მოუტანს შეკვეთას, არ არის მიზანშეწონილი პირველმა დაიწყოთ ჭამა. თუ რომელიმე კერძთან ახლოს ხართ, ჯერ შესთავაზეთ სხვებს და შემდეგ საკუთარ თავს, თუ თქვენი სასურველი კერძი შორს არის, არ გადასწვდეთ, სთხოვეთ ვინმეს მოგაწოდოთ.
ჩანგალი, დანა, კოვზი, ხმარების შემდეგ მოათავსეთ თქვენს თეფშზე და არა მაგიდაზე, ასევე დაუშვებელია ამ ნივთების ხელში დაკავება ლაპარაკის დროს. თუ ხელსაწმენდი დაგივარდათ, შეგიძლიათ თვითონ აიღოთ, მაგრამ თუ დანა ან ჩანგალი დავარდა, სთხოვეთ ოფიციანტს მისი აღება.
რესტორანში არ არის მიზანშეწონილი ოფიციანტს თქვენ თვითონ მიაწოდოთ თეფში, არც ის, რომ გამოართვათ სადილის თეფში და თქვენ მოათავსოთ მაგიდაზე. ეს დამაბნეველია მისთვის და შეიძლება სხვა სტუმრებისთვის ხელისშემშლელიც აღმოჩნდეს.
მაგიდასთან თავის მოწესრიგება, მიუხედავად იმისა რა ფირმის პარფიუმერიას ხმარობთ, ეტიკეტში არ ჯდება. ამისთვის გამოიყენეთ საპირფარეშო.
არა მარტო საზოგადოებაში, სახლშიც საჭიროა წესების დაცვა. საუზმისას პური დაჭერით ნაჭრებად, არ მოკბიჩოთ. კარაქი მოჭერით, დაიდეთ საკუთარ თეფშზე და ისე გადაუსვით პურს. ასე თავიდან აიცილებთ ნამცეცების დაყრას მაგიდაზე. ჩაის პაკეტი ფინჯნიდან ამოიღეთ კოვზით და არა ხელით, მოათავსეთ ჩაის თეფშზე მარცხენა მხარეს. მარცხნივ შეგიძლიათ დადოთ კანფეტის ქაღალდები, გამოყენებული ჩხირები და სხვა. სტუმრად ყოფნისას თუ თქვენი სადღეგრძელო ისმევა, დაელოდეთ სხვებს და შემდეგ თავად შესვით. არ არის აუცილებელი ჭიქის მიჯახუნება ხმის გამოცემამდე, საკმარისია თვალებში უყუროთ მოსაუბრეს, რომ მიხვდეს თქვენს ყურადღებას.
თუ ყველაფერს ხშირად შეახსენებთ საკუთარ თავს და სისტემატიურად შეასრულებთ, ჩვევაში გადაიზრდება, აღარ გაგიჭირდებათ ეტიკეტის დაცვა მაღალ საზოგადოებაშიც კი. მოგეხსნებათ ყოველგვარი უხერხულობა და უფრო თავდაჯერებული გახდებით.