რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, პიელონეფრიტის, რესპირატორული დაავადებების დროს. ასევე საუკეთესო ანტიოქსიდანტი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა.

by ekaterine

გვიან შემოდგომაზე ბაზარში და სუპერმარკეტების თაროებზე როგორც წესი, ეგზოტიკური ხილი ჩნდება. მათ შორის არის ფეიხოა. იგი დაბალკალორიული ხილია და მიეკუთვნება მარადმწვანე კულტურას. გემო და სუნი მოგაგონებთ კივის და ანანასს. საკვებად იყენებენ კარგად დამწიფებულ ნაყოფს, მისი შიგთავსი კი ჟელეს მოგაგონებთ. რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით მეტად სასარგებლოა.


მისი მთავარი სიმდიდრე იოდია, რომელიც კარგად შეიწოვება ადამიანის ორგანიზმის მიერ. ასევე მდიდარია C ვიტამინით, საქაროზით, უჯრედისით და პექტინით. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია ათეროსკლეროზით, პიელონეფრიტით დაავადებულთათვის, რესპირატორული დაავადებების მქონე ავადმყოფებისთვის. იგი გამოიყენება, როგორც დიეტური პროდუქტი და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალება. ფეიხოას კანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. მას ახმობენ და ხმარობენ ეგზოტიკური ჩაის მოსამზადებლად. ფეიხოასგან მომზადებული სოუსი პიკანტურ გემოს აძლევს ხორციან კერძებს. შეგიძლიათ დაამზადოთ გემრიელი დესერტი – გახეხილ ფეიხოას დამატებული არაჟანი.

ყველაზე გავრცელებული რეცეპტია ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ფეიხოა, დამატებული შაქარი. იგი გემრიელია და იყენებენ იმუნიტეტის ასამაღლებლად, გულის თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს. ფეიხოას ფოთლებიც სასარგებლოა, მას ვაშლის გემო აქვს.
შეიძლება სალათებში მისი გამოყენებაც. ასევე ამზადებენ მურაბას, რომელიც ძალიან არომატული და გემრიელია.

თუ თქვენი პატარა ალერგიული არ არის, ეს ხილი შეგიძლიათ 1 წლის ასაკის შემდეგ მისცეთ. იოდნაერთების რაოდენობით ფეიხოა ზღვის პროდუქტებს უტოლდება, არც ერთი სხვა მცენარე არ შეიცავს იოდის ამ კონცენტრაციას. იოდის დეფიციტის დროს იგი უებარი მკურნალია.

ფეიხოას “ცოცხალი მურაბა” ამ ნაყოფის შენახვის საუკეთესო მეთოდია.

დაგჭირდებათ:
ფეიხოა – 1 კგ
შაქარი – 1 კგ

მომზადება:

ნაყოფი კარგად გარეცხეთ და წააცალეთ ბოლოები. ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ კანთან ერთად, აურიეთ შაქართან და სტერილურ ქილებში გაანაწილეთ. მაცივარში ასე ინახება 2 თვემდე.

 

ჩიყვის სამკურნალოდ 1 სუფრის კოვზი მიიღეთ დილით და საღამოს 10 დღის განმავლობაში, მერე კი შეისვენეთ ამდენივე დღე.

კარგი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაა, არეგულირებს იოდის შემცველობას ორგანიზმში.
სანამ სეზონია, ეცადეთ, ყოველდღე მიირთვათ ცოცხლად ფეიხოა, შეგიძლიათ ასევე, გაახმოთ და გაზაფხულამდე სვათ ვიტამინებით სავსე არომატული ჩაი.

Related Articles