თითოეული დიასახლისი თავისებურად აწყობს სადღესასწაულო მაგიდას. ერთს მეტად მოსწონს ფერადი სუფრა, მეორეს უჯრედებიანი ან დაჩითული, ხოლო მესამე უპირატესობას თეთრ სუფრას ანიჭებს.
მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა, სადღესასწაულო მაგიდას ყველაზე მეტად უხდება თეთრი, ქათქათა, გახამებული სუფრა. მიზანშეწონილია, სუფრის ქვეშ მაგიდას გადავაფაროთ სქელი ქსოვილი, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და თან ჭურჭელი არ იხმაურებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადღესასწაულო თეთრ სუფრაზე გამჭვირვალე ცელოფნის გადაფარება არ არის მიზანშეწონილი.
სადღესასწაულო სუფრაზე უნდა გამოვიტანოთ საუკეთესო ჭურჭელი, სასურველია სუფრის გაწყობა მთლიანი სერვიზით – ერთსახოვანი მოყვანილობის და ფერის ჭურჭლით. სადღესასწაულო სუფრაზე პირველი თავი საჭმელი ძირითადად არ მიიტანება, ამიტომ ღრმა თეფშების დაწყობა არ არის საჭირო. მაგიდაზე ვაწყობთ ორ თეფშს, ძირითადი ცხელი საჭმელებისთვის და ზემოდან პატარა თეფშს საუზმისათვის.
თუ მაგიდის გაშლა გვსურს ყველა წესების დაცვით, როგორც თეფშების რაოდენობა, ასევე დანა-ჩანგალი და ჭიქები უნდა დაიწყოს რამდენიმე სახის, იმის მიხედვით, რამდენი თავი საჭმელი და სასმელია, მაგრამ უფრო მოხერხებულია შემოვიფარგლოთ მხოლოდ ორი სახის თეფშით.
შემდეგ ვალაგებთ დანა-ჩანგალს, დანას ვდებთ თეფშის მარჯვენა მხარეს, გალესილი პირი თეფშისკენ, ჩანგალს ვდებთ მარცხნივ, ამობურცული მხარე ქვევით. თეფშის წინ ვდებთ პატარა დანას (ხილისთვის), ჩანგალს ტორტისა და სხვა ნამცხვრისათვის, ჩაის კოვზს ნაყინისა და სხვა ჩაროზისათვის.
ჭიქებს ვაწყობთ თეფშის წინ, ოდნავ მარჯვნივ, რომ ასაღებად მოსახერხებელი იყოს, სასურველია ჭიქები იყოს ერთი სახის, განსხვავებული მხოლოდ ზომით.
სადღესასწაულო მაგიდაზე მიზანშეწონილია ქსოვილის ხელსახოცები, რომლებიც შეიძლება დავდოთ თეფშზე ზევიდან, გვერდით და მივცეთ სხვადასხვა ფორმა. მაგიდაზე ცალკე მივიტანოთ ქაღალდის ხელსახოცებიც, სპეციალური ჩასალაგებლით.
სუფრის გასალამაზებლად შეიძლება დავდგათ რამდენიმე ლარნაკი ყვავილებით. დიასახლისთან ახლოს საჭიროა იდგეს პატარა მაგიდა, სადაც მოთავსდება სხვადასხვა ჭურჭელი და სუფრისთვის საჭირო საგნები.
ცივი საჭმელი ადრევე ლაგდება მაგიდაზე. ცენტრალურ ადგილებში იდგმება ოჯახის საფირმო საჭმელები, ისეთნაირად, რომ სუფრის ყველა წევრმა ადვილად დაინახოს და მიწვდეს გადმოსაღებად. აქვე იდგმება სხვადასხვა სახის სახის საწებლები – მარილი, მდოგვი და სხვა.
პური იჭრება თხელ, პატარა ნაჭრებად და მიიტანება სპეციალური საპურეთი ან ჩვეულებრივი თეფშებით.
თუ სტუმრად გეწვევათ 5-6 კაცი, ცხელი საჭმელი იდგმება მაგიდაზე დიდი ლანგარით, ხოლო თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, საჭიროა ჩამოტარება. მაგიდის თითოეულ წევრთან მიტანა ხდება მარცხნიდან და სტუმარი ლანგრიდან თავად იღებსსაჭმელს სასურველი რაოდენობით.
მჭადი და ღომი მაგიდაზე მიიტანება ცხლად. მჭადი სასურველია პატარ-პატარა გამოცხვეს, რომ დაჭრა არ დასჭირდეს. მჭადები ლაგდება პურთან ერთად, ღომი მიიტანება პატარა საუზმის თეფშებით.
სასმელის ბოთლები, გარდა შამპანურისა, სუფრაზე მიტანის წინ იხსნება.
კარგად გარეცხილი ხილი სპეციალური ლარნაკებით ჩაიდგმება. თუ სუფრა მრავალრიცხოვანია, ხილი განაწილდება რამდენიმე ადგილას.
ტკბილეულის მიტანის წინ საჭიროა სუფრიდან ავიღოთ დაცლილი ჭურჭელი, საწებლები და სხვა, ასევე უნდა მოსუფთავდეს მაგიდის საფარი.
ნახმარი თეფშების, დანა-ჩანგლის და სხვა ჭურჭლის შეცვლა ახლით საჭიროა მოხდეს სწრაფად და ხმაურის გაარეშე.